წესდება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

პროფესიული კავშირი

სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი

წესდება

დამტკიცებულია დამფუძნებელთა კრების მიერ

თბილისი

2017 წელი

სოლიდარობის ქსელი -მშრომელთა ცენტრის

წესდება

1.1.„სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „სოლიდარობის ქსელი“ ან „ორგანიზაცია“) წარმოადგენს „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და ეწევა პროფკავშირული ორგანიზაციებისათვის განსაზღვრულ საქმიანობას.

1.2.სოლიდარობის ქსელი წარმოშობილად ითვლება საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცის მომენტიდან.

1.3.სოლიდარობის ქსელი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებულებსა და დროებით უმუშევარ ფიზიკურ პირთა ნებაყოფლობით გაერთიანებას.

1.4. სოლიდარობის ქსელი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.  

1.5.ორგანიზაციის სრული სახელწოდებაა: სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი;

1.6.ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

1.7.სოლიდარობის ქსელს აქვს საკუთარი გერბი, ლოგო, ბეჭედი, ბლანკი და სხვა რეკვიზიტები.

1.8. სოლიდარობის ქსელი დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებისგან, მეწარმეთა ასოციაციების (გაერთიანებების), პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან.

1.9.სოლიდარობის ქსელს უფლება აქვს დააფუძნოს ბეჭვდითი ორგანო.

1.10.სოლიდარობის ქსელის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ., №96, ბ. 3  ;

1.11.სოლიდარობის ქსელის ელექტრონული ფოსტის მისამართია: georgiasolidarity@gmail.com  

1.12. სოლიდარობის ქსელი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობის და წარმოდგენილი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით.

1.13.        სოლიდარობის ქსელის ვალდებულებებისთვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. სოლიდარობს ქსელი ასევე არ აგებს პასუხს საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისთვის.

1.14.    სოლიდარობის ქსელის მუშაობის ძირითადი პრინციპები:

ა. წევრებს შორის სოლიდარობა საერთო მიზნის მისაღწევად;

ბ. წევრთა თანასწორუფლებიანობა და ურთიერთთანამშრომლობა;

გ. ორგანიზაციული მთლიანობის დაცვა;

დ. მმართველ ორგანოთა არჩევითობა და მათი ანგარიშვალდებულება სოლიდარობის ქსელის წევრთა წინაშე;

ე.   სოლიდარობის ქსელის წევრთა და ორგანიზაციის მმართველ ორგანოებს შორის ინფორმაციის მაქსიმალური გაცვლა და მჭიდრო კავშირი;

ვ. მმართველ ორგანოთა რეკომენდაციების შეძლებისდაგვარად შესრულება.

ზ. საქმიანობის გამჭვირვალობა;

თ. სოციალური პარტნიორობა, თანამშრომლობა დამსაქმებელთან.

ი. პარტნიორობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის;

1.15.        სოლიდარობის ქსელის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა. სოლიდარობის ქსელის წევრების სოციალურ, ეკონომიკური, და შრომითი უფლებათა და ინტერესთა დაცვა.

ბ. წევრების კონკრეტული შრომითი პირობების გაცნობა და მათი უფლებების გაუმჯობესება.

გ. ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება, ანაზღაურების გაზრდა, ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის, დასაქმების მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება წევრთა საერთო ძალისხმევით;

დ. მშრომელთა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება.

ე.მონაწილეობის მიღება შესაბამის ორგანოებში შრომითი, ეკონომიკურ და სოციალურ უფლებების საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების წინასწარ განხილვაში. სოლიდარობის წევრთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტების და ინიციატივების შემუშავება.

ვ. მონიტორინგის გაწევა სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო პირთა მიერ სოლიდარობის ქსელის წევრთა  უფლებების დაცვის პროცესზე;

ზ. მშრომელთა ცენტრის წევრთათვის უფასო იურიდიული დახმარების ორგანიზება;

თ. მშრომელთა წარმომადგენლობა სასამართლოში და მათი უფლებების დაცვა მესამე პირებთან;

ი. შრომით დავებში მონაწილეობა;

კ. სოლიდარობის, საგაფიცვო შტაბების და ფონდების შექმნა.

ლ. დამსაქმებელთან ერთად მონაწილეობა დასაქმების ერთიანი პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში.

მ. კოლექტიურ ხელშეკრულებების დადება;

1.16.        „მშრომელთა ცენტრი“ უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა.

  1.    ორგანიზაციის მართვა

2.1.სოლიდარობის ქსელის უმაღლეს მმართველ ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება.

2.2.სოლიდარობის ქსელის საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

2.3.საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა (50%+1). ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება ერთი თვის პერიოდში. განმეორებითი საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება 50 წევრი მაინც, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული  გამონაკლისებისა.

2.4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.5. საერთო კრების მოწვევისა და  კრების თავმჯდომარეობის უფლებამოსილება გააჩნია ორგანიზაციის  თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ორგანიზაციის გამგეობის მიერ არჩეულ პირს გამგეობის შემადგენლობიდან.  საერთო კრება კრებაზე დამსწრე პირთა ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს კრების მდივანს.

2.6. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნისა და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება გააჩნიათ ორგანიზაციის თავმჯდომარეს,  გამგეობას, გამგეობის მინიმუმ 2 წევრს, სარევიზიო კომისიას, ან ორგანიზაციის  არანაკლებ 20 წევრს.

2.7.ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს წესდების 3.6. პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე კრების მოწვევა და შემოთავაზებული საკითხების შეტანა დღის წესრიგში.

2.8.ხმის უფლების მქონე წევრთა დელეგირებული ხმები, რომლებიც არ ესწრებიან საერთო კრებას უთანაბრდება საერთო კრების სხდომაზე დამსწრეთა ხმებს. ხმის უფლების დელეგირება დასაშვებია, თუ შესაძლებელია მისი დამტკიცება ელექტრონული ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით.

2.9. სოლიდარობის ქსელის საერთო კრება ამტკიცებს წესდებას და  შეაქვს მასში ცვლილებები და შესწორებები, ირჩევს გამგეობის წევრებს, ირჩევს ორგანიზაციის თავმჯდომარეს წესდებით დადგენილი წესით. ახორციელებს ამ წესდებით და კანონმდებლობით  მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.10.        საერთო კრება განსაზღვრავს სოლიდარობის ქსელის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ყოველწლიურად ისმენს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას.

2.11.        სოლიდარობის ქსელის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხდება  საერთო კრების გადაწყვეტილებით, რასაც სჭირდება წევრთა სრული შემადგენლობის ¾.

2.12.        სოლიდარობის ქსელის დამფუძნებლები დაფუძნების დღიდან არიან ორგანიზაციის წევრები.

2.13.        დამფუძნებლებსა და შემდგომში მიღებულ წევრებს სოლიდარობის ქსელში თანაბარი უფლებამოსილება აქვთ.

2.14.        ორგანიზაციის საერთო კრება, როგორც წესი, ტარდება შაბათ ან კვირა დღეს.

2.15.        პირი (პირები) ან ორგანო, რომელიც იწვევს საერთო კრებას, უზრუნველყოფს დღის წესრიგის შემუშავებას და ორგანიზაციის წევრებისთვის გასაცნობად წარდგენას.

2.16.        ორგანიზაციის საერთო კრება ტარდება კრების მოწვევის შესახებ წევრისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 30 დღისა. შეტყობინებად ჩაითვლება შეტყობინების გაგზავნა ელექტრონული ფოსტით ან/და ტელეფონის საშუალებით.

  1.      მშრომელთა ცენტრის ხელმძღვანელობა (გამგეობა)

3.1. მშრომელთა ცენტრის ხელმძღვანელობის კოლეგიური ორგანოა გამგეობა. გამგეობას 9 წევრის შემადგენლობით 4 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება.

3.2. გამგეობის კანდიდატი შეიძლება იყოს 9 პირისგან შემდგარი ჯგუფი. 9 პირისგან შემდგარმა ჯგუფმა არჩვნებამდე არაუგვიანეს 5 დღისა კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართოს ორგანიზაციის თავმჯდომარეს ან/და მისი არარსებობის შემთხვევაში გამგეობას. საერთო კრებამ გამგეობა უნდა აირჩიოს 9 პირისგან შემდგარი, პირთა გაერთიანება, ის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ღია კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.  ხმათა თანაბარი გადანაწილების შემთხვეაში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ჯგუფები. გამგეობად აირჩევა ის ჯგუფი, რომელიც მეორე ტურში ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას დააგროვებს.

3.3.სოლიდარობის ქსელის გამგეობა ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით.  

3.4.სოლიდარობის ქსელის გამგეობას ხელმძღვანელობს ორგანიზაციის  თავმჯდომარე; გამგეობის სხდომის მდივანი აირჩევა გამგეობის წევრებიდან სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.

4.5.გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს თავის სხდომაზე. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სოლადარობის ქსელის გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს „გამგეობის გადაწყვეტილების“ სახით, რომელსაც ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე  და სხდომის მდივანი, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. გამგეობის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ.

3.6. გამგეობის გადაწყვეტილებები აღირიცხება ჟურნალში გადაწყვეტილების ნომრის, სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღის, გადაწყვეტილების მოკლე შინაარსის მითითებით ;

3.7.გამგეობა თავის გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით თუ ამ წესდებთ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.8.გამგეობის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში, თუ გამგეობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხს წყვეტს რიგგარეშე საერთო კრება.

3.9.გამგეობის სხდომები მოიწვება ორგანიზაციის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრის წერილობითი ინიციატივით.

3.10. აუცილებლობის შემთხვევაში სამსახურებრივი -საკადრო ცვლილებები, ხანგრძლივი ავადმყოფობა და სხვა) გამგეობა ირჩევს პროფკავშირის თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელს, შემდგომში მისი საერთო კრებაზე დამტკიცებით.

3.11.სოლიდარობის ქსელის გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საერთო კრების მიერ დამტკიცებული სამუშაო პროგრამისა და გეგმების განხორციელება;

ბ) პირველადი პროფკავშირების დაფუძნება საერთო კრებაზე შემდგომი დამტკიცებით;

გ) სოლიდარობის ქსელის დეპარტამენტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების განსაზღვრა და დამტკიცება ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად.

დ) სოლიდარობის ქსელის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დამტკიცება;

ე) სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების დებულებების მომზადება და დამტკიცება;

ვ) დადგენილი წესით რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა და მისი ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;

ზ) გამგეობა ახორციელებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებსაც .

თ)იღებს გადაწყვეტილებებს წევრთა მიღებაზე და მათ გარიცხვაზე ორგანიზაციიდან.

ი) გამგეობა ხელმძღვანელობს სოლიდარობის ქსელს.

  1.      თავმჯდომარე

4.1.მშრომელთა ცენტრს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობისას ორგანიზაციას წარადგენს  საერთო კრების მიერ გამგეობის წევრებიდან არჩეული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს დამატებითი მინდობილობის გარეშე.

4.2.საერთო კრება გამგეობის წევრებიდან ღია კენჭისყრით ირჩევს სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარეს 4 წლის ვადით. არჩეული თავმჯდომარე უფლებამოსილებას ახორციელებს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე. სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე ამავე დროს არის ორგანიზაციის  გამგეობის თავმჯდომარე.

4.3..არ შეიძლება  ერთი და იგივე პირი თავმჯდომარის თანამდებობაზე იქნეს არჩეული ზედიზედ 3-ჯერ.

4.4.თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია გამგეობისა და საერთო კრების წინაშე.

4.5.თავმჯდომარე:

4.5.1.      გასცემს მინდობილობებს ;

4.5.2.      წარმოადგენს სოლიდარობის ქსელს მესამე პირებთან და აწერს ხელშეკრულებებზე და შეთანხმებებზე ხელს.

4.5.3.      ხსნის და ხურავს ყველა სახის ანგარიშს კომერციულ ბანკებში;

4.5.4.      მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მშრომელთა ცენტრის ინტერესებს;

4.5.5.      საერთო კრებას წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს.

4.5.6.      გამგეობის დასკვნის საფუძველზე იღებს და ათავისუფლებს მშრომელთა ცენტრის თანამშრომლებს;

4.5.7.      გამგეობის დასკვნის საფუძველზე  აფორმებს ურთიერთთანამმშრომლობის მემორანდუმებსა და შეთანხმებებს.

4.5.8.  არსებული მონაცემების საფუძველზე, ორგანიზებას უწევს მშრომელთა ცენტრის წევრთა სიის შედგენას;

4.5.9.  ამტკიცებს წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს.

4.5.10.  იღებს ამ წესდებიდან კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა გადაწყვეტილებებს და ასრულებს მათ.

4.5.11.  თავმჯდომარე გამგეობის თანხმობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს.

4.5.12. გამგეობის თავმჯდომარის გადარჩევას ახორციელებს საერთო კრება.

  1. სარევიზიო კომისია

5.1. საერთო კრება მმარართველ ორგანოების გარდა თავისი წევრებიდან 3 პირს 4 წლის ვადით ირჩევს სარევიზიო კომისიის წევრებად. სარევიზიო კომისია სოლიდარობის ქსელის შიდა კონტროლის და სარეკომენდაცო ხასიათის ორგანოა.

5.2. სარევიზიო კომისიის წევრები თავისი შემადგენლობიდან 4 წლის ვადით ღია კენჭისყრის საფუძველზე ირჩევენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს.

5.3. სარევიზიო კომისიის წევრის მიერ წესდებით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, გამგეობა უფლებამოსილია მოიწვიოს საერთო კრება, სადაც დღის წესრიგში შეტანილი იქნება სარევიზიო კომისიიდან წევრის განთავისუფლების საკითხი.

5.4.სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე საქმიანობას წარმართავს წესდების შესაბამისად.

5.5.გამგეობის წევრი და სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია იქნეს გადაყენებული დაკავებული თანამდებობიდან საერთო კრების მიერ.

5.6. სარევიზიო კომისია უწევს კონტროლს ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებში საქმისწარმოებას, ფულადი ხარჯების მართვის სისწორეს, ქონებისა და მატერიალური ფასეულობათა დაცვის და გამოყენების მდგომარებას. ამისათვის სარევიზიო კომისიას უფლება აქვს გაეცნოს სოლიდარობის ქსელის ყველა შიდა დოკუმენტს.   

  1.    წევრად მიღება

6.1. სოლიდარობის ქსელში გაწევრიანებისათვის ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის გამგეობას. ორგანიზაციის გამგეობა განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის სოლიდარობის ქსელის გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადებაში უნდა იქნეს განსაზღვრული წევრის ვალდებულება, რომ იგი კანონისა და წესდების შესაბამისად შეიტანს დადგენილ საწევროს.

6.2.სოლიდარობის ქსელის წევრი შეიძლება იყოს 15 წელს მიღწეული პირი;

6.3.ორგანიზაციის წევრები და შემდგომში გაწევრიანებული პირები თანაბარი უფლბებით სარგებლობენ.

6.4.სოლიდარობის ქსელის წევრი მიიღება განუსაზღვრელი ვადით;

6.5.გამგეობის გადაწყვეტილებით სოლიდარობის ქსელის მიმართ განსაკუთრებული დამსახურების მქონე ფიზიკურ პირს შეიძლება მიენიჭოს სოლიდარობის ქსელის საპატიო წევრის სტატუსი და გაიცეს შესაბამისი მოწმობა.

  1.      წევრის უფლება-მოვალეობანი

7.1.სოლიდარობის ქსელის  წევრს უფლება აქვს:

ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას სოლიდარობის ქსელის მართვის ორგანოებში.

ბ) მიიღოს მონაწილეობა სოლიდარობის ქსელის საერთო კრების მუშაობაში;

გ) მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში;

დ)გაეცნოს გამგეობის,  მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შესრულებულ სამუშაოებს;

ე) თავისი სურვილით გავიდეს ორგანიზაციიდან.

ვ) ისარგებლოს სოლიდარობის ქსელის უფასო იურიდიული დახმარებით შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში;

7.1.1. საწესდებო მოთხოვნათა სისტემური შეუსრულებლობის შემთხვევაში სოლიდარობის ქსელის წევრის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, კერძოდ გაფრთხილება, ხოლო როგორც უმაღლეს ზომა, იგი შეიძლება გარიცხულ იქნეს სოლიდარობის ქსელის წევრობიდან ორგანიზაციის გამგეობის მიერ.

7.2.სოლიდარობის ქსელის  წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას სოლიდარობის ქსელის წესდება;

გ) ხელი შეუწყოს სოლიდარობის ქსელის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;

დ) დროულად და დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო გადასახადი.

ე)ორგანიზაციას წარუდგინოს ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.

ვ) ორგანიზაციის მოთხოვნისამებრ წარუდგინოს დამატებითი მონაცემები ან მათი ცვლილებები სოლიდარობის ქსელის წევრთა სიის ორგანიზების მიზნით.

ზ) არ შელახოს სოლიდარობის ქსელის საქმიანი რეპუტაცია;

  1.      წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

8.1. სოლიდარობის ქსელის წევრს წევრობა შეუწყდება:

ა) ორგანიზაციის გემგეობისთვის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ)სოლიდარობის ქსელის გამგეობის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) თუ სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ, აღიარა უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის;

ე) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა სოლიდარობის ქსელში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას;

ვ) თუ არ იხდის საწევრო გადასახადს ზედიზედ სამი თვის განმავლობაში;

ზ) წევრზე დაკისრებული ვალდებულების სისტემატიური შეუსრულებლობის შემთხვევაში გამგეობის გადაწყვეტილებით;

თ) სოლიდარობის ქსელის პრინციპების უხეშად დარღვევის შემთხვევაში;

ი) შრომითი დავების დროს კოლექტიური გადაწყვეტილებების უგულვებელყოფის შემთხვევაში;

კ) გარდაცვალების შემთხვევაში.

ლ) კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

8.2.სოლიდარობის ქსელის გამგეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ „ზ“ „თ“ “ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას სოლიდარობის ქსელის წევრის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“ „კ“ და “ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად.

8.3.გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაეგზავნოს პირს, ვისზეც იქნა გადაწყვეტილება მიღებული პირადად გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “დ” “კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  1.      საწევრო

9.1.საწევროს შენატანი გადაიხდება ფულადი სახით. საწევრო ორგანიზაციის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. საწევროს შენატანის გადახდა ხდება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშწორების გზით, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;

9.2.ორგანიზაციის წევრი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო ყოველთვიურად მაინც.

9.3.საწევროს ყოველთვიური გადასახადის ოდენობა შეადგენს: არანაკლებ 3 (სამი) ლარს;

9.4.ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება ორგანიზაციის იმ წევრების შერჩევის კრიტერიუმები, რომლებზეც უნდა გავრცელდეს გამგეობის მიერ დადგენილი საშეღავათო საწევროს გადახდის ვალდებულება.

9.5.საწევრო შენატანის მინიმალური ოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.

9.6. საწევრო შენატანებით შემოსული სახსრები უნდა დაიხარჯოს წესდების მიზნების განსახორციელებლად, წევრთა იურიდიულ დახმარებაზე, სააგიტაციო და საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობაზე, სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად მოწვეული სპეციალისტების შრომით ანაზღაურებაზე.

  1. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია

10.1. სოლიდარობის ქსელის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ნებაყოფლობით იქმნება დაწესებულებაში არანაკლებ სოლიდარობის ქსელის 5 წევრის ინიციატივით.

10.2.  პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნის საკითხს წყვეტს სოლიდარობის ქსელის გამგეობა საერთო კრებაზე შემდგომში დამტკიცებით.

10.3. პროფკავშირის პირველადი ორგანიზაცია რეგისტრირდება პროფკავშირის გამგეობაში.

10.4 პირველადი პროფკავშრის უმაღლესი ორგანოა კონფერენცია (კრება), რომელიც მოიწვევა საჭიროების შემთხვევაში, თუმცა არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

10.5. განცხადება პირველადი პროფკავშირის კრების მოწვევის შესახებ კეთდება კრების მოწვევამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.

10.6. კრებებს შორის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საქმეებს წარმართავს კონფერენციის მიერ არჩეული პირველადი პროფკავშირის კომიტეტი (პროფკომიტეტი), რომელიც ანგარიშვალდებულია კონფერენციის წინაშე;

10.7. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, თუმცა არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.

11.8. პირველად ორგანიზაციაში პროფკავშირის კომიტეტი ირჩევა, თუ წევრთა რაოდენობა 15 და მეტია. ხოლო თუ წევრთა რაოდენობა 15-ზე ნაკლებია აირჩევა პროფორგანიზატორი;

10.9. პირველადი პროფკავშირულ ორგანიზაციის კონფერენცია ისმენს კომიტეტის მოხსენებას ჩატარებული სამუშაოების შესახებ და შეაფასებს მას.

10.10. სოლიდარობის ქსელის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ხელმძრვანელობს ამ წესდებითა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სოლიდარობის ქსელის გამგეობა.

  1. ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

11.1.       სოლიდარობის ქსელის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე;

11.2.       სოლიდარობის ქსელის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ წესდების 2.11. პუნქტის შესაბამისად საერთო კრების მიერ ან/და სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შედეგად, ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

11.3.        ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები.

11.4.        საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოლიდარობის ქსელის ლიკვიდაციიის პროცესის დაწყების შესახებ  უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

11.5.        ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

11.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება სოლიდარობის ქსელის წევრებს შორის.

11.7. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე პირი.

  1. დასკვნითი დებულებანი

12.1.        თუ ამ წესდების რომელიმე მუხლი ბათილად იქნა ცნობილი ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულების ნამდვილობაზე;

12.2.        ამ წესდების და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი;

12.3.        წესდება ძალაში შედის ორგანიზაციის სადამფუძნებლო ოქმზე ყველა დამფუძნებლის  მიერ ხელმოწერის მომენტიდან.