ჩვენს შესახებ

“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” წარმოადგენს დასაქმებულთა პროფესიულ გაერთიანებას, რომელიც 2017 წლის 1 აპრილს დაფუძნდა. “სოლიდარობის ქსელი” იცავს საკუთარ წევრებს, რაც გამოიხატება სამუშაო ადგილზე უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული პირობებისთვის ბრძოლაში, ასევე, იცავს მათ სასამართლოს გზით. “სოლიდარობის ქსელი” იბრძვის საკუთარი წევრების ხელფასებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის.

ორგანიზაცია მუდმივად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

დასაქმებულთა ორგანიზება: “სოლიდარობის ქსელის” ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა ორგანიზება და უშუალოდ მათი შრომითი გარემოს გაუმჯობესებისთვის მათთან ერთად ბრძოლის დაწყებაა. ორგანიზაცია უზრუნველყოფს დასაქმებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შრომითი უფლებების, პროფკავშირული საქმიანობისა და ეკონომიკური თუ სოციალური საკითხების შესახებ. ორგანიზაციის მიზანია დასაქმებულებისთვის პროფკავშირების მნიშვნელობის ცხადყოფა და მოტივირება, თავად ჩამოაყალიბონ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები სამსახურებში.

სასამართლო დავები და იურიდიული კონსულტაციები: “სოლიდარობის ქსელი” მზადაა, გაუწიოს უფასო იურიდიული კონსულტაციები დასაქმებულებს. ორგანიზაციის იურიდიული დეპარტამენტი მუდმივად თანამშრომლობს რიგით მოქალაქეებთან და აწვდის მათ საჭირო ინფორმაციას. “სოლიდარობის ქსელი” ასევე აწარმოებს სასამართლო დავებს საკუთარი წევრების შრომითი უფლებების დასაცავად.

განათლება – დასაქმება: ორგანიზაციის ერთ-ერთი ამოცანა ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაა. ამ მიზნით ორგანიზაცია თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯებთან, რაც გულისხმობს სამუშაო შეხვედრების ჩატარებას პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისთვის. შრომითი ურთიერთობების შესახებ სემინარების მთავარი მიზანი სტუდენტების შეძლებისდაგვარად მომზადებაა, რათა მომავალში მათ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლონ. ორგანიზაცია ასევე ეხმარება თავის წევრებს სწორი პროგრამისა და კოლეჯის შერჩევაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

“სოლიდარობის ქსელი” ასევე ახორციელებს პროექტებს: საბინაო პოლიტიკის, ეკონომიკური, ქალთა თუ სხვა მნიშვნელოვანი სოციო-ეკონომიკური საკითხების გარშემო. ორგანიზაცია, ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს სოციალური საწარმოების განვითარებას, რადგან აღნიშნული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმების პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით.