ღირსების დათხოვნა

ავტორი: სოფო ჯაფარიძე, 

ბავშვობაში წავიკითხე რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟი ექიმი გახლდათ. ის მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ყველა სამუშაო ადგილის შავ სიაში იყო შეყვანილი, რამაც არსებითი გავლენა იქონია მის პიროვნებაზე. პროფესიული შეზღუდვებით გამოწვეულმა ტანჯვამ და მისდამი გარშემომყოფთა დამოკიდებულებამ, როგორც ფსიქიკურად დანგრეული ადამიანისადმი, ის საბოლოოდ ჩამოაშორა ოჯახს და მეგობრებს.

ჩემთვის, როგორც გულუბრყვილო ბავშვისთვის, ეს მომენტი შთამბეჭდავი იყო, რადგან იქამდე აზრად არ მომსვლია, რომ ადამიანის მოკვლა ფიზიკურის გარდა სხვა ფორმითაც  შესაძლებელია. რა თქმა უნდა, მე ეს ლიტერატურის საშუალებით გავაცნობიერე. თუმცა, გარშემო რომ გამეხედა, დავინახავდი იმავე მდგომარეობაში მყოფ დედაჩემს, რომელიც ორმოცი წლის ემიგრანტი იყო და საკუთარი ქვეყნის დანგრევის გამო, ცხოვრებას ხელახლა უცხო ქვეყანაში იწყებდა. ამ ქვეყანაში მისი ბიოლოგიის დარგში მოპოვებული განათლება არაფერს ნიშნავდა. უფრო მეტიც, ის თვრამეტი წლის ამერიკელ სტუდენტებზე უფრო დაბალკვალიფიციურად ითვლებოდა. დედაჩემი სხვა ემიგრანტი ქალების მსგავსად მუხლჩაუხრელად მუშაობდა რამდენიმე სამსახურში, რომლებიც მის პროფესიასა და განათლებასთან კავშირში საერთოდ არ იყო. საბოლოოდ, მიუხედავად დედაჩემის შეუზღუდავი ენერგიის და გამჭრიახი გონებისა, ამ ყველაფერმა ის სრულიად გამოფიტა და ნაადრევად მოკლა.

გასულ თვეს, მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოდან გაათავისუფლეს დაარსების დღიდან (40 წლის სტაჟის მქონე), მომუშავე მედ. პერსონალის დიდი რაოდენობა, ისევ ის გრძნობები ამომიტივტივდა, რომლებიც აქამდე საკუთარ თავში დათრგუნული მქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი სისტემის (საბჭოთა კავშირი) მოულოდნელ ჩამოშლას სამსახურების შენარჩუნებითა და გარკვეული მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით „გადაურჩნენ”, ისინი ვერ გაუმკლავდნენ ლიბერტარიანული კომერციალიზაციის თავდასხმებს ცხოვრების ყველა სფეროში.

თავისუფალი ბაზრის პოლიტიკურმა კიბომ ნოყიერი ნიადაგი პოსტსაბჭოთა სივრცეში იპოვა. ამ სივრცეს კაპიტალიზმის წინააღმდეგ ყველაზე სუსტი იმუნიტეტი აღმოაჩნდა. გამოუცდელი ლიბერალი დისიდენტები იმდენად დაკავებული იყვნენ საბჭოთა კავშირის არასწორობის განხილვით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დაუსვამთ კაპიტალიზმის მიღება. მათი წარმოდგენით, უკეთესი ცხოვრება მეტ თავისუფლებასა და მეტ პრივატიზაციას უკავშირდებოდა. ამ „უკეთესი ცხოვრების“ ბოლო მსხვერპლნი დღეს გათავისუფლებული ექიმები და ექთნები არიან.

მე, 34 წლის ადამიანი, იმედიანად შევყურებ მომავალს არა იმიტომ, რომ მომავალი ჩანს იმედიანი, არამედ იმიტომ, რომ მაქვს დრო ვიბრძოლო სხვების მხარდამხარ უკეთესი მომავლისთვის, ჩემი შვილისთვის და სხვებისთვის.

მე დავიბადე საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს და ტრანზიციის პროცესს არ გავუნადგურებივარ ისე, როგორც სხვა ადამიანები ჩემ გარშემო. მე გავიზარდე ეპოქაში, სადაც ყველაფერი მერყევი იყო. არასდროს მიცხოვრია ისეთ ქვეყანაში, არც ამერიკაში და არც საქართველოში, სადაც მთავრობა და საზოგადოება, ნაცვლად ბიზნესისა და მდიდარი ხალხისა, ჩემზე, როგორც რიგით ადამიანზე იზრუნებდა. თავიდანვე მითხრეს, რომ გარანტირებული არაფერია: არც კარიერა, არც სახლი, არც ჯანდაცვა, არც სუფთა ჰაერი, არც საკვები და არც რაიმე სხვა.

თავს ყოველთვის ერთჯერადად და მარტივად მოსაშორებლად ვგრძნობდი, რადგან გავიზარდე ქართულ და ამერიკულ, ველურ კაპიტალიზმში. არასდროს მიგრძვნია არც ევროპის ზომიერი კეთილდღეობის სახელმწიფოს მზრუნველობა და არც საბჭოთა კავშირის გარანტირებული ეკონომიკური უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, ჩემი მოლოდინები სახელმწიფოსგან და კორპორაციებისგან იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია ოდესმე იმედგაცრუებული დავრჩე.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ ხალხზე, რომლებსაც ჰქონდათ გარანტირებული სამსახურები, კარიერა, სახლები და ღირსება სამუშაო ადგილებზე? სამედიცინო სფეროში ორმოცწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ახალ, კერძო მესაკუთრეს (რომელიც საქართველოს ბანკი აღმოჩნდა) შეუძლია ხელაღებით გაათავისუფლოს ეს ადამიანები ყოველგვარი განმარტების და პატივისცემის გარეშე, მიზერული კომპენსაცის სანაცვლოდ და ეს ყველაფერი ‘’კანონის ჩარჩოში’’.

რა უნდა ვიფიქროთ, როდესაც ექიმობის ორმოცწლიანი გამოცდილების შემდეგ, მთელი ჩვენი იდენტობა, არსებობა ხელაღებით ირღვევა? როგორ უნდა გავუმკლავდეთ ასეთ დამცირებას და დაკნინებას კარიერის უკანასკნელ დღეს?

როგორი მტკივნეული უნდა იყოს კარიერის და ცხოვრების ასეთი დასასრული საქართველოს ასეთ მძიმე პერიოდში. მშრომელებმა და ადამიანებმა მსოფლიოს დიდ ნაწილში  მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოსცადეს სიხარული, მაშინ როცა იცოდნენ რომ ცხოვრება უკეთესობისკენ წარიმართებოდა მათთვის. ამ ადამიანებს ექნებოდათ უკეთესი უსაფრთხოების გარანტი სამსახურში, მზარდი ხელფასები, სათანადო პენსიები და ა.შ.

ყველა ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ათეულობით წელი საბოლოოდ იგრძნობდა შვებას. წარმოიდგინეთ, რაოდენ საოცარი გრძნობა იქნებოდა ეს… მილიონობით მშრომელისთვის უკეთესი ხვალინდელი დღე დადგა. ბოლო 30 წლის განმავლობაში საპირისპირო ტენდენცია გამოჩნდა. ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ძლივს შერჩენილი, იოტისოდენა ღირსებით ასრულებენ.

არსებობს მრავალი გზა მოკლა ვინმე. საბჭთა კავშირში აღზრდილი პროფესიონალების უმრავლესობა ითვლება დრომოჭმულად. არსებობს მითები მათ შესახებ, რომ ისინი არ არიან ნამდვილად კვალიფიციურები და არიან კორუმპირებულები. ისინი განიხილებიან როგორც წარსულის ნაშთებად და არა ღირსეულ, კომპეტენტურ ადამიანებად.

არ შეიძლება სამსახური და კარიერა, რომელიც უკავშირდება ადამიანის გამოცდილებასა და პიროვნებას ასე ზედაპირულად განვიხილოთ. ხალხი, რომლებმაც ათწლეულები მიუძღვნეს საკუთარ საქმეს, ღირსება შელახულები დარჩნენ მათი ღვაწლისა და ცოდნის უგულებელყოფითა და შემდგომში საბოლოო დათხოვნით (ყოველგვარი განმარტების გარეშე). სწორედ ასეთი გამოდგა რეალობა საბჭოთა კავშირში აღზრდილი და დახელოვნებული ადამიანებისთვის საქართველოში.

0