სოლიდარობის ქსელის ყოველთვიური შეხვედრა წევრებთან: 28 ნოემბერი

გუშინ, 28 ნოემბერს, ჩატარდა სოლიდარობის ქსელის წევრთა კიდევ ერთი ყოველთვიური შეხვედრა. ვისაუბრეთ შრომაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მის მნიშვნელობაზე დღევანდელ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისებში.

გულრწფელად გვიხარია, რომ მშრომელებთან სამუშაო ადგილებზე სიარულის და მათთან უშუალოდ საუბრის სტრატეგიამ შედეგი გამოიღო და დღეს, უკვე ჩვენთან ვხედავთ სულ უფრო მეტ ახალ სახეს.

ასეთი შეხვედრები ძალიან ბევრის მომცემია: ერთი მხრივ, მშრომელები ეცნობიან საქართველოს შრომის კანონმდებლობას და იგებენ რა უფლებებით შეუძლიათ სარგებლობა, რა კუთხით შეუძლიათ თავიანთი პრობლემების გადაწყვეტა და რაც მთავარია, რა პოლიტიკური პროცესები წარმოშობს ამ პრობლემებს. ეს ყოველდღიური პრობლემების პოლიტიზაციის საშუალებას გვაძლევს, რაც მათი კოლექტიური მოგვარების გზებზე ფიქრისკენ გვიბიძგებს.

მეორე მხრივ, სწორედ ასეთი შეხვედრების მეშვეობით ინარჩუნებს ორგანიზაცია შიდა დემოკრატიის მაღალ ხარისხს: წევრები გამოთქვამენ თავიანთ აზრებს ორგანიზაციის პოზიციებთან დაკავშირებით, შემოაქვთ ახალი წინადადებები და სხვა წევრებთან ერთად აყალიბებენ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს. ასე ღვივდება სოლიდარობა მშრომელთა შორის, ხოლო ორგანიზაციისთვის მთლიანობაში ეს ბიუროკრატიზაციის თავიდან არიდების წინაპირობაა.

შემოგვიერთდით მომდევნო შეხვედრაზე, ერთად ვიბრძოლოთ ღირსეული ცხოვრებისთვის.

0