საყოველთაო ჯანდაცვა – პაციენტისთვის, თუ კერძო კომპანიისთვის?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

 

 მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში ყოველი სამუშაო დღე დილის კონფერენციით იწყება, სადაც განიხილება თუ ვინ დარჩა უკმაყოფილო, ვინ იჩხუბა ადმინისტრატორთან, ან ვინ გალანძღა მედ. პერსონალი ოჯახის გაყვლეფისთვის. მაშინ, როდესაც ეს შეხვედრები რუტინულ რეჟიმში უცვლელ დროსა და ადგილას იმართება, იაშვილის კლინიკა დაზარალებული პაციენტების და დაუფასებელი მედ. პერსონალის ახალ ისტორიებს ინახავს.

მ. იაშვილის სახელობის კლინიკამ ბოლო პერიოდში ორი მფლობელის შეცვლის მძიმე ისტორია გამოიარა. პირველი ე.წ. „თურქები” იყვნენ, რომლებსაც დასაქმებულები იაშვილის გარდა სხვა კლინიკებშიც ადვილად მოერივნენ, თანაც დიდი პროტესტითა და ბრძოლით. ევექსთან ეს ასე მარტივად არ გამოვიდა. გარდა იმისა, რომ კორპორაცია ბაზარზე საკუთარი ხედვით აწყობილი ამბულატორიული ცენტრებით შემოვიდა, მან შესყიდულ საავადმყოფოებსაც შეუცვალა სტრუქტურა. იაშვილის მაგალითზე, ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნეონატოლოგიური დეპარტამენტი იდენტური დეპარტამენტების გახსნის ხარჯზე, სრულად უფუნქციო დარჩა და რეორგანიზაციის დროს გაუქმდა.

2017 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვისთვის 660 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა საინტერესოა რეალურად ვის მოხმარდა ეს ფული – პაციენტებს, თუ კერძო კომპანიას? ყველას გაგვიგია, ან ჩვენ თავადაც ვყოფილვართ სიტუაციაში, როდესაც საავადმყოფოს ფინანსური სქემა იმდენად გვაბნევს, რომ არც ვეძიებით, რაში გვაფინანსებს სახელმწიფო, ან თუ კლინიკა გვახდევინებს ფულს, რითია ეს განპირობებული. მე თავადაც ვყოფილვარ ამ სიტუაციაში და გამომიცდია, თუ რას ნიშნავს იყო საყოველთაო ჯანდაცვის იმედად, მაგრამ მაინც მოგიწიოს ზედმეტად თანხის გადახდა, რაშიც მედ. პერსონალი დაადანაშაულო. მაშინ, როდესაც ფინანსური სქემის განმსაზღვრელი ისინი საერთოდაც არ არიან.

„ალბათ ყველას ჰგონია, რომ უფასოა ჯანდაცვა და მერე ფაქტის წინ რომ დადგებიან და მართლა ისეთი არაფერი მკურნალობა ჩატარებია პაციენტს და 2 ანალიზში ძალიან ბევრ ფულს მოთხოვენ, რთულია გაგიკვირდეს პაციენტების ჩხუბი…” (იაშვილიდან დათხოვნილი ერთ-ერთი დასაქმებული)

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამას საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს, ექიმების თქმით, უკმაყოფილო პაციენტების რიცხვი იზრდება, რომლებიც ხარისხზე და ფინანსურ მაქინაციებზე ხშირად არასწორ ადამიანებთან ჩივიან. დეკემბერში გათავისუფლებული მედ. პერსონალიდან ერთ-ერთი, სწორედ ამ უკმაყოფილების ადრესატი გახლდათ. როდესაც პაციენტი გადასახდელ თანხაზე ჩივის, არაპირდაპირი პასუხი ამ ჩივილზე ასეთია: „ასე უღირს საავადმყოფოს მკურნალობა”. კერძოა და როგორც უნდა ისე მოიქცევა; როგორ ფასსაც უნდა, ისეთს დაადებს მის მომსახურებას. თუ აქამდე ეს პრინციპი სხვა სერვისის სფეროებში ცხადად ჩანდა და ეს არც არავის უკვირდა, მაგალითად ბაზარზე საჭმლის, ტანსაცმლის, მომსახურების ფასებს მაღაზიები, სასტუმროები და რესტორნები აწესებდნენ, ახლა იგივეს ჯანმრთელობისთვის საავადმყოფო აკეთებს. ჩვენთან საუბარში ყოფილი დასაქმებული აღნიშნავს, თუ როგორი გაზრდილი თანხებით იწერებოდა მისი მუშაობის დროს კალკულაცია, რადგან ამას სახელმწიფო აფინანსებდა.

მარტივად, რომ აგიხსნათ ეს პროცედურები, რომლებიც ალბათ თქვენ თუ არა თქვენს ახლობელს მაინც გაუვლია, ასე გამოიყურება: თქვენ ხვდებით საავადმყოფოში, შემდეგ გარკვეულ მომსახურებაზე ოპერაცია იქნება ეს, თუ სხვა, თქვენ საყოველთაო ჯანდაცვა გარკვეულ თანხას გიფარავთ. მაგრამ რის თანხას გიფარავთ, აი, აქ უკვე საავადმყოფოს პირადი გადაწყვეტილება შემოდის. თქვენს კალკულაციაში იწერება ისეთი ერთჯერადი მასალა, რომელიც შეიძლება არც გამოიყენოთ – გადასასხმელი მასალები, ფიზიოლოგიური, გლუკოზა, შპრიცები და ა.შ. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ევექსი BGO ჯგუფის პორტფოლიოს შემადგენლობაშია და თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG), მის საავადმყოფოებში წამლების მიწოდება ამავე ჯგუფის მფლობელობაში მყოფი ორ სააფთიაქო ქსელიდან ფარმადეპოსა და ჯიპისიდან ხდება. შესაბამისად, მთელი ბიზნესი ერთ მფლობელობაში ტრიალებს. დაბალხარისხიანი წამლების შემოტანის ხარჯზე, პაციენტების დაყოვნების დრო იზრდება.

„18 ლარიანი ანტიბიოტიკი  62 თეთრიანით შეცვალეს და თუკი ადრე პაციენტს გამოჯანმრთელებისთვის 3 დღე სჭირდებოდა, ახლა მას 10 დღე სჭირდება.” (იაშვილიდან დათხოვნილი ერთ-ერთი დასაქმებული)

ამ შემთხვევაში, მხოლოდ დიდი ხნით დაყოვნება მხოლოდ დროის თვალსაზრისით არ უნდა გავიგოთ. დიდი ხნით დაყოვნებას მეტი დაფინანსება მოყვება, შესაბამისად ეს პირდაპირ აისახება საავადმყოფოს მოგებაზე. თუ აქამდე პაციენტის მეშვეობით სახელმწიფო ჯანდაცვის ბიუჯეტი იხარჯებოდა, დაფინანსების ვადების გასვლასთან ერთად ხარჯები უკვე პაციენტის პირადი პასუხისმგებლობა ხდება და აქ უკვე პაციენტი პირდაპირი წესით იყვლიფება.

ხშირად პაციენტები არასწორ ადრესატს ვირჩევთ სიმართლის დადგენისთვის და უკმაყოფილებას იმ ხალხთან გამოვხატავთ, ვინც რეალურად არ განაგებს ამ სისტემას. როდესაც ჩვენ ადმინისტრატორთან მივდივართ და ვეკითხებით, რას ნიშნავს კალკულაციაში გაწერილი არაპირდაპირი და პირდაპირი ხარჯები? ამაზე პასუხი მედ. პერსონალს არ აქვს. პასუხი ამაზე მენეჯმენტს და კერძო მფლობელს უნდა მოვთხოვოთ. ასევე, სხვა იმ ფინანსურ მაქინაციებზეც, მაგალითად იმაზე, რომ სხვადასხვა განყოფილებაში ორ აუცილებელ კვლევას (ფუნქციური კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა) პაციენტს დაწოლიდან პირველ ორ დღეში არ უკეთებენ, რადგან პასუხი მალე არ იყოს და შესაბამისად, პაციენტიც მალე არ გაიწეროს, პასუხი მენეჯმეტს და კერძო მფლობელს აქვს. ეს პასუხი გულწრფელობის შემთხვევაში, მოგებაა, ხოლო მეორე შემთხვევაში, „ასე უღირს კლინიკას მკურნალობა”, რაც ნიშნავს იმას, რომ ევექსი ბაზარზე მონოპოლისტი ხდება, ამასთან სახელმწიფო კლინიკები, ფაქტობრივად აღარ დარჩა. საავადმყოფოები კერძოს ხელში გადადის და შესაბამისად, ჯანდაცვის ბაზარიც ფასებისა და მომსახურების სტანდარტის მხრივ უმართავი ხდება. კერძო სექტორი სახელმწიფოს გარეშე პირდაპირ ხალხის ჯიბიდან თუ ვეღარ შოულობს ფულს, ახლა არაპირდაპირ გზას, სახელმწიფოს ჯანდაცვის ბიუჯეტს ერჩის.

0