“სამოთხის დოკუმენტები” – ანუ როგორ გვატყუებენ ხალხს მდიდრები

ამ კვირაში, ოფშორული ანგარიშების შესახებ გაჟონილმა ახალმა ცნობებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ ყველაზე მდიდრები გადასახადებს თავს არიდებენ. ნავარაუდებია, რომ 10-36 ტრილიონ დოლარს ისინი ოფშორულ ანგარიშებზე ინახავენ. ეს ყველაზე მდიდარი ქვეყნების მ.შ.პ.-ების ჯამს უდრის. მაშინ, როდესაც მსოფლიოში მშრომელებს უწყვეტენ სოციალურ დახმარებას; როდესაც იძულებულნი ვართ გავუმკლავდეთ სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაო პირობებს; როდესაც უმუშევრობა და უსახსრობა ნელი სიკვდილით ემუქრება თითოეულ პატიოსან ადამიანს და როდესაც „ბიუჯეტის სიმწირის“ გამო, პენსიონერებს, ლტოლვილებს თუ ომის ვეტერანებს „ქამრების შემოჭერისკენ“ მოუწოდებენ, მდიდრები მალავენ უზარმაზარ თანხებს, რომლებიც გადასახადს უნდა ექვემდებარებოდეს.

თავისთავად, ოფშორულ ანგარიშებზე ამ თანხების არსებობა წარმოადგენს არა ცალკეულ ფაქტს, არამედ გლობალურ პოლიტიკურ მოვლენას, რომელიც საფუძვლად უდევს თანამედროვეობის ათასგვარ უთანასწორობას და უსამართლობას მთელს დედამიწაზე. გადასახადების მეშვეობით, ეს ფული შეიძლება მოხმარდეს იმ ქვეყნების სკოლებს, საავადმყოფოებს, ადგილობრივ წარმოებებს თუ კულტურის განვითარებას, რომელთა მოქალაქეებიც დიდ თანხებს ოფშორულ ანგარიშებზე მალავენ.

ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ტელევიზორიდან, გაფიცვის ან აქციის საპასუხოდ, თუ უბრალო კამათში გვეტყვიან, რომ მაღალი ხელფასი/პენსია/სოციალური დახმარება უტოპიაა, გვახსოვდეს – იმ მშრომელებმა თუ გლეხებმა, რომლებსაც დღესდღეობით, მთელს მსოფლიოში ჩამორთმეული აქვთ უფლება ღირსეულ ცხოვრებაზე, შექმნეს საკმარისი სიმდიდრე ელემენტარული კეთილდღეობისთვის, უბრალოდ ამ სიმდიდრეს მალავენ ადამიანები, რომლებსაც მის შექმნაში ყველაზე მცირე წვლილი მიუძღვით.

ოფშორული ანგარიშების შესახებ გამჟღავნებული ცნობები ერთადერთ რამეზე მიგვითითებს – ეკონომიკის გამართული მუშაობისთვის არ არის საჭირო ადამიანური მსხვერპლი. ვალებში, შიმშილსა და სიღარიბეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის შესაქმნელად საჭირო სახსრები არსებობს. ამოცანა ამ სახსრების დაბრუნებაშია, ხოლო პრობლემა მათ მფლობელებსა და გადანაწილების პოლიტიკურ ლოგიკაში.

#ParadisePapers

0