მშრომელთა მოძრაობის თვითკრიტიკისათვის

ავტორი: შოთო აზიკური

შოთო აზიკური; ფორუმი: „დეკოლონიური პერსპექტივები: ისტორია, პოლიტიკა, მოძრაობები”; © CARC • სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი

წლების წინ მშრომელთა მოძრაობა აქტივისტების წარმოსახვის ნაყოფი უფრო იყო ვიდრე ობიექტური სოციალური მოვლენა. თუმცა წლიდან წლამდე მშრომელთა მოძრაობა აქტუალიზდა და ნამდვილი ადამიანების კოლექტიურ და გაცნობიერებულ (თუ გაუცნობირებელ) ქმედებებებად იქცა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ მშრომელთა მოძრაობის ბოლო რამოდენიმე წლიანი ისტორია სხვა არაფერია თუ არა დამარცხების ისტორია.

2017 წელიც მტკივნეული დამარცხების წელი იყო. შეიძლება ითქვას უფრო მტკივნეული ვიდრე წინა წლები. რუსთავის აზოტი შეიძინა საქართველოს ბანკმა და 300 ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. მუშების, პროფკავშირების და აქტივისტების მიერ რუსთავის აზოტის ადმინისტრაციული შენობის ძალით დაკავებას კიდევ უფრო ნაკლები შედეგი მოჰყვა, ვიდრე 2016 წელს იგივე მოქმედებას ტყიბულში. შემდეგ იყო ფრესკო და ბიბლუსი. ეიფორია სოციალურ ქსელებში. კიდევ უფრო მეტი ინტერესი ყველა პოპულარული მედია საშუალების მხრიდან. პროტესტიც, მუხტიც. ფრესკოს და ბიბლუსის თანამშრომლების პროტესტი დღემდე მშრომელთა მოძრაობის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი შემთხვევაა და ამავდროულად ყველაზე უარყოფითი შედეგის მომტანიც. შემდეგ იყო ყველაზე შემზარავი და ტრაგიკული, 3 ტყიბულელი მეშახტის სიკვდილი. ამ ტრაგედიას მყისიერად გამოეხმაურა მთელი სამთავრობო გუნდი და აქტიურად დაიწყეს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცესი. ხანძრებით დამძიმებული ცხელ ზაფხულში რკინიგზელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. მათი პროტესტი გაერთიანებული პროფკავშირების წინასაარჩევნო პროცესში პროსახელისუფლებო ელემენტების ბინძური კამპანიის სრულიად დესტრუქციულ ტელე-ეთერებში ჩაიკარგა და საბოლოოდ გაერთიანების თავმდჯდომარის მეოთხე ვადით არჩევით დასრულდა. 2017 წლის დასასრულს მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების ამბავი ყოველდღიურ მოვლენად იქცა, რის ფონზეც საბოლოოდ წელი ზემოთ აღნიშნული შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის არ მიღებით დასრულდა.

გიორგი გახარია: „დაისჯება ყველა, ვისი წვლილიც დადასტურდება ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაში.” 2017 წლის 9 მაისი, ყტიბული.

ჯეინ მაკალევი, ცნობილი ამერიკელი პროფკავშირელი, მკვლევარი და აქტივისტი, რომელიც ამერიკაში ახლად გამოღვიძებული მშრომელთა მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, ბრძოლის წარმატებას მოლოდინების შექმნას უკავშირებს. თუ ადამიანებს არ ექნებათ მოლოდინი უკეთესი ცხოვრებისა, მოლოდინი იმისა, რომ მათ ბრძოლას მართლა შეუძლია უკეთესი ცხოვრების, ღირსეული დასაქმების და სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნა, მაშინ მშრომელთა მოძრაობა ვერ გაიზრდება, ახალ წევრებს ვერ შეიძენს და ვერ შეძლებს საკუთარი მიზნების მიღწევას. 2017 წელი იყო ყველაზე აქტიური წელი, მეტი პროტესტით, მეტი ადამიანის ჩართულობით, მეტი სფეროს და ქალაქის გააქტიურებით, მეტი მედია ყურადღების ობიექტი. თუმცა ეს იყო წელი, როდესაც მოლოდინები, როგორც აქტივისტების და უფრო მეტად თავად დასაქმებულების, ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა ვიდრე ოდესმე ყოფილა. სოლიდარობის ქსელში(2017 წლიდან უკვე პროფკავშირული ორგანიზაცია) ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა „ორგანაიზინგია”, რომლის დროსაც დავდივართ ყველგან, სადაც შეგვიძლია დასაქმებულებთან საუბარი: სავაჭრო ცენტრებში, სუპერმარკეტებში, კაფეებში, ტურისტულ ქუჩებში(სადაც მომსახურების სფეროა თავმოყრილი) და ხალხმრავალ გაჩერებებსა თუ მეტროების მიმდებარედ. მოკლედ, რომ ვთქვათ ამ პროცესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები დავარწმუნოთ ბრძოლის საჭიროებაში და ჩავრთოთ მოძრაობაში. ამას უკვე წლებია ვაკეთებთ, მაგრამ თუ წინა წლებში ზოგადი ნიჰილიზმისთვის, რომ „საქართველოში მაინც არაფერი გამოვა”, უნდა გაგვეცა პასუხი, 2017 წლის ფრესკოს პროტესტი შემდეგ, ზოგად და განუსაზღვრელ ნიჰილიზმს, სამწუხარო მტკიცებულება დაემატა: „ფრესკოში რომ ამოღეს ხმა მერე რა შეიცვალა?”. ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის ეს წელი ამ სასოწარკვეთილ კითხვაზე, სასოწარკვეთილი პასუხის და იმედის ჩანერგვის მცდელობაში გავიდა.

ამ მცირე პოსტს, ღრმა სამეცნიერო ანალიზისთვის არ ვწერ. უბრალოდ ზემოთ მოყვანილ სამწუხარო სიტუაციას, რამდენიმე კომენტარს დავამატებ.

მოცემულ რეალობაზე დამნაშავე ბევრია: ყოფილი ბანკირები, რომლებიც ახლა სახელმწიფო ინსტიტუტებს მართავენ, ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში სხედან, ეს პარტია და ის პარტია, საქართველოს ბანკი და ტრანსნაციონალური კორპორაციები. თუმცა მათი პასუხისმგებლობა ამ წერილში არ მაინტერესებს. სანაცვლოდ რამდენიმე პოსტულატი თვითკრიტიკისათვის.

საქართველოში ბევრი პროცესი ახალი დაწყებულია. ხშირად ეს გარკვეულწილად თავის გამართლების საბაბს გვაძლევს, რომ თითქოს ნელ-ნელა ვისწავლით, ნელ-ნელა ხალხიც გონს მოეგება. გაზრდილ უსამართლობას უფრო მეტი წინააღმდეგობა დახვდება. მაგრამ ამ დაუსაბუთებელ პროგრესის რწმენას იქნებ ისეთი ქმედებებისკენ მივყავართ, რომელსაც გამოუსწორებელი უარყოფითი შედეგები ექნება?

იქნებ ყოველი შეცდომა რომელზეც, ჩვენ უნდა გვესწავლა, ადამიანური მართვის, მენეჯმენტის და მარკეტინგის დეპარტამენტის სტრატეგიისთვის უფასო გაკვეთილია?

იქნებ ყოველი ქმდება, რომელსაც ხან ახალგაზრდული გულუბრყვილო და თავქარიანი მორალიზმი და ჰეროიზმი უდევს საფუძვლად, სინამდვილეში მომენტარული კმაყოფილების სანაცვლოდ მოლოდინების და ბრძოლისუნარიანობის უპასუხისმგებლო განადგურებაა?

ან იქნებ კონკრეტული ინდივიდების გაცნობირებულ თუ გაუცნობირებელ კარიერული წინსვლის ინსტიქტების რეალიზებას ეწირება ყველაფერი?

სამწუხაროდ გამომდინარე იქიდან, რომ მშრომელთა მოძრაობაში ძლიერი ტრადიციები, კულტურა და ინსტიტუციონალური მექანიზმები არ გვაქვს, კონკრეტული ინდივიდები დიდ გავლენას ახდენენ პროცესებზე და მათი განეიტრალება მარტივი არ არის. ამის შედეგი ყველაფერთან ერთად ისიც არის, რომ ადამიანები მათ გვერდით საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობენ და ჩვენი რიგები მცირდება.

ის ინსტიტუტები, ორგანიზაციები, კულტურა და ტრადიცია, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს მომავალი ბრძოლის დღეს იმქნება, ჩვენს თვალწინ, ჩვენი თანამონაწილებით ან არამონაწილებით. 2018 წელს კიდევ ღიაა არჩევანი .ერთ მხარეს არის ხმაური და „დასავლეთისთვის” პოზირება, მეორე მხარეს კი პასუხისმგებლობის აღება ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენს მომავალზე, რაც შეიძლება სულაც არ იყოს მომგებიანი მოკლევადიან პერსპექტივაში.

პ.ს. ეს ჩანაწერი სტატუსად დავიწყე და შემდეგ გაიზარდა ცოტა. შესაბამისად ძალიან ბევრ თემას ვერ მოიცავს, თუმცა სიამოვნებით მოვისმენდი უშუალოდ ჩართული თუ უბრალოდ დამკვირვებლების მოსაზრებებს და საქმიან კრიტიკას 2017 წლის და უფრო ზოგადადაც ბოლო წლების მშრომელთა მოძრაობაზე (ცალკე ნოუთებად, პოსტებად, წერილებად). ძალიან წაადგება საერთო საქმეს.


0