კომპანია „ამაზონის“ მშრომელების გაფიცვა იტალიაში

 

24 ნოემბერს „შავი პარასკევია“. ამ დღეს, დასავლეთ ევროპაში და ა.შ.შ.-ში სხვადასხვა პროდუქცია დიდი ფასდაკლებებით იყიდება. ეს მარკეტინგული სვლა საქართველოში არსებულმა კომპანიებმაც აითვისეს (იხ. ვიდეო). ფასდაკლებები იმდენად თვალისმომჭრელია, რომ 2008 წელს, ნიუ იორკში, „უოლ მარტში“ სადღესასწაულოდ ოჯახისთვის საჩუქრების მირთმევის განზრახვით მისულმა მომხმარებლებმა დასაქმებულს გადაუარეს და მოკლეს.

ამ დღეს, განსაკუთრებულად დიდ მოგებას იღებენ ელექტრონული ვაჭრობის სფეროში. ეს სფერო ევროპასა და ა.შ.შ.-ში იზრდება, თუმცა ზრდა მხოლოდ მფლობელთა შემოსავლებს ეხება. მშრომელების ხელფასები ისევ შეუსაბამოა ცხოვრების სტანდარტებთან.

ამიტომ, იტალიაში, პროფკავშირებმა (CGIL, CISL და UIL) კომპანია „ამაზონის“ დასაქმებულებს „შავ პარასკევს“ გაფიცვისკენ მოუწოდეს. ამ დღეს, არ იმუშავებს კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადისტრიბუციო ცენტრი, სადაც 500 ადამიანია დასაქმებული.

მშრომელები ითხოვენ ხელფასების ზრდას და დანამატებს. მათ ასევე გადაწყვიტეს არ იმუშავონ ზეგანაკვეთურად 31 დეკემბრამდე, რათა კიდევ უფრო გაზარდონ უსამართლო კომპანიისთვის მიყენებული ფინანსური ზიანი.

იტალიაში, პროფკავშირული ბრძოლის ტრადიცია ქვეყნის ისტორიის (მათ შორის ინტელექტუალური ისტორიის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. დღეს, იტალიურ პროფკავშირებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა აქვთ და ხშირად უბიძგებენ მმართველ პარტიას რიგითი მოქალაქეებისთვის სასიკეთო რეფორმების გატარებისკენ.

0