დემოკრატიის ახალი შუქურები

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში დაახლოებით ორ ათწლეულს ითვლიან. ამ დროის განმავლობაში, მათზე შეტევები მთლიანად კონსერვატიული და ნეოფაშისტური ჯგუფებიდან მოდიოდა. შესაბამისად, ქართული NGO-ს თეორია და პრაქტიკა დიდწილად ამ დაპირისპირებაში განიხილებოდა. დღეს, არასამთავრობოები ლიბერალური დემოკრატიის თითქმის საკრალურ ღირსებად და პროგრესის მთავარ ძრავად ითვლებიან. თუმცა, ანგარიშვალდებულნი მხოლოდ დონორებთან არიან და ლეგიტიმაციასაც მათ გარდა არავისგან იღებენ. ეს პრობლემა სცდება „მესამე სექტორს“ და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაზე ვრცელდება. ამიტომ, საჭიროა კონსერვატიული მითოლოგია თანმიმდევრული კრიტიკით ჩანაცვლდეს. წერილში, ამ მიმართულებით რამდენიმე მოსაზრების გაზიარება მსურს.

საქართველოში, ისევე, როგორც ყველგან, არასამთავრობოები სახელმწიფოს როლის შემცირების კვალდაკვალ გაჩდნენ. კეთლდღეობის სისტემის ჩამოშლის და მემარცხენე ალტერნატივის არარსებობის პირობებში, გაღატაკებულ და რეპრესირებულ ადამიანებს არასამთავრობო ორგანიზაციები თანამედროვე მესიებად მოევლინენ.

პროგრამა ითვალისწინებდა სიღარიბის აღმოფხვრას, გამჭვირვალეობის დანერგვას, ეთნიკური, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერებას და ზოგადად, დემოკრატიზაციას. ამ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. მაგრამ, ოცი წლის და უამრავი დოლარის შემდეგ, ცნობები სახელმწიფო ძალადობის და კერძო კაპიტალის მსხვერპლთა შესახებ ქართული ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მადლობელი მასებიც არ ჩანან. სამაგიეროდ, ბევრმა NGO-მ წარმატებით დანერგა ცივი ომის გაცვეთილი კლიშეები მემარცხენე პოლიტიკის შესახებ.

კაპიტალიზმის დემოკრატიზაცია ზედმეტად რთული გამოდგა. რატომ არ ვფიქრობთ ალტერნატივაზე?

კლასზე დაფუძნებული მოძრაობისგან, პროფკავშირისგან ან პარტიისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც პოსტმოდერნული ლოგიკის ინსტიტუციური განსხეულება, უარს ამბობს წინა საუკუნის „მოძველებულ დიად ნარატივებზე“ (გვერდზე გადავდოთ ის ფაქტი, რომ მათი აპოლიტიკური ჰუმანიზმი კიდევ უფრო ძველია, ვიდრე ეს ნარატივები) და მეტიც, მთლიანად პოლიტიკურ თეორიაზე. ე.ი. ორგანიზაციები, რომლებსაც მთავრობის გაკონტროლება და ჩაგვრის აღმოფხვრა აქვთ განზრახული, „დოგმატიზმის“ შიშით, განგებ არ ითვალისწინებენ რადიკალური ცვლილების პროცესისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ტრადიციებს. ის, ვინც დღეს მორალური სიმაღლეებიდან ხალხს სირაქლემის პოზაში ყოფნას აბრალებს, თვითონ არის ყველაზე დიდი სირაქლემა.

პრაქტიკაში, არასამთავრობოების ლოგიკა გულისხმობს საზოგადოებრივი პრობლემების დავიწროვებას და მათ გამოყოფას ძალაუფლებრივი ურთიერთობების მთლიანობიდან. ამ მიდგომის გაძლიერებას ხელს უწყობს არასამთავრობოების დამოკიდებულება უცხოურ დონორ ორგანიზაციებზე, რომლებიც თავის მხრივ, ბანკებისგან და მილიონერი შოვინისტი პოლიტიკოსებისგან გატყავებულ ქვეყანაში, დღემდე ანტი-დასავლურ პროპაგანდას „ებრძვიან“. ეს ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია.

ამის ნაცვლად, ყველა ფემინისტურ, ქვიარ ან სხვა გაერთიანებას ესაჭიროება ანტიკაპიტალისტური ელემენტები, ისევე, როგორც ყველა ანტიკაპიტალისტურ ორგანიზაციას, პროფკავშირს ან პარტიას ფემინისტური, ქვიარ და სხვა ელემენტები. საზოგადოების მთლიანობაში აღქმა სხვა არაფერია.

დღევანდელ საქართველოში, სადაც ნდობა არც ელიტისტურ პარტიებს აქვთ და არც ბიუროკრატიულ პროფკავშირებს, არასამთავროებმა იტვირთეს ის ფუნქციები, რომლებზეც ნეოლიბერალურმა სახელმწიფომ ხელები დაიბანა. მაგრამ, მათი იაფი ან თუნდაც უფასო სერვისები ვერასდროს ვერ აანაზღაურებს ნეოლიბერალური სახელმწიფოს მიერ მოყენებულ ზარალს. ეს ზარალი საზოგადოა და არასამთავრობოებს, თავისი კერძო ინიციატივებით, მხოლოდ მისი შელამაზება შეუძლიათ. მითუმეტეს, რომ ამის მიღმა წასვლის სურვილი არც აქვთ.

კეთილდღეობის სისტემის დანგრევით, კაპიტალმა მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების უფლება წაართვა. ამ უფლების დასაბრუნებლად პოლიტიკური ბრძოლა და ფოკუს-ჯგუფისთვის სერვისის მიწოდება სხვადასხვა რამ არის. (ის, რომ არავინ არბევს კონფერენციებს „რუმს ჰოტელში“, ამის მაჩვენებლად შეიძლება გავიგოთ.)

ჩვენ ვცხოვრობთ კლასობრივ საზოგადოებაში. ეს არა ინტერესთა ჯგუფების გაერთიანება, არამედ ფუნდამენტურად გაყოფილი სისტემაა, რომელშიც „მესამე სექტორი“ ისეთივე გამოგონილი რამ არის, როგორც სანტა-კლაუსი. არჩევანი ორ მხარეს – კაპიტალსა და დანარჩენებს – შორის უნდა გავაკეთოთ.

გიორგი კობახიძე

0