ვინ მოამზადებს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებს?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

 

15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის საბოლოო განხილვა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო რედაქცია, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში, არ წარმოადგენს იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა მისაღები და დააკმაყოფილებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას, ფაქტია შრომის ინსპექციას დასჭირდება გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რათა საწარმოების გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება შეძლოს. აღსანიშნავია, რომ საწარმოთა რიცხვი ათობით ათასი, ხოლო ინსპექტორთა რიცხვი მხოლოდ ათეულია.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) გამოაცხადა მიღება მე-5 საფეხურის მოდულურ პროფესიულ პროგრამაზე “შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები”, რომლის ღირებულება 2000 ლარამდეა, ასევე ფასიანი ტრენინგი გამოაცხადა კავკასიის უნივერსიტეტმა, რომლის ხანგრძლივობა 5 კვირაა, ხოლო ღირებულება 1125 ლარი. თუმცა, ერთი მხრივ რამდენად მოხერხდება ფასიანი პროგრამებით სწავლების წახალისება ამ პროგრამაზე და, მეორე მხრივ, 5 კვირიანი კურსი, როგორ მოამზადებს კადრებს საწარმოებში უსაფრთხოების ნორმების დაკვირვებისთვის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პროფესიული განათლება საქართველოში უფრო და უფრო იხვეწება და ერგება არსებულ შრომის ბაზარს. თუ უნივერსიტეტების დასაქმების მაჩვენებელი საშუალოდ 16%-ს წარმოადგენს, კოლეჯების შემთხვევაში, ნიშნული 69%-ს ქვემოთ არ ჩამოდის. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კოლეჯები მუდმივად ავითარებენ სასწავლებლების ტექნიკურ და მატერიალურ ბაზებს, რათა სტუდენტმა თეორიულ სამუშაოსთან ერთად პრაქტიკული კურსებიც გაიაროს.  ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული კოლეჯი “სპექტრია”, რომელსაც დღეს 28 პროგრამა აქვს ბაზაზე. ამ პროგრამებიდან თითოეულში გაწერილია მოდული შრომის უსაფრთხოების შესახებ და ასევე, კოლეჯი 2018 წლიდან გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მოდიფიცირებულ პროგრამაში შრომის უსაფრთხოების ნაწილსაც რთავს, რაც ფაქტობრივად დაინტერესებულ პირებს აძლევს შანსს უფასოდ დაეუფლონ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვის ტექნოლოგიებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კოლეჯის სწავლების პროცესი აქცენტს პრაქტიკულ მუშაობაზე სვამს, მათაქვთ ლაბორატორიები, ადგილზე საწარმოო სამუშაოების სიმულაციური კუთხეები, სადაც შრომის უსაფრთხოების კურსის სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკულ დონეზე გამოსცადონ მათი პროფესია. ასევე, კოლეჯს ჰყავს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც ასევე მოიაზრებიან საწარმოო პრაქტიკის დანიშნულების ადგილებად. კურსის ხანგრძლივობა წელიწადსა და ორ თვეს შეადგენს და ის სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ცნობილია, რომ 2018 წლის ბოლოსთვის, ამავე წლის დასაწყისში მიღებული კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებაზე უნდა დაიხვეწოს და სრულად მიუახლოვდეს ევროპის სტანდარტებს, შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ერთგვარ ინვესტიციას, რათა იმ პერიოდისთვის არსებობდნენ კვალიფიციური შრომის ინსპექტორები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ სტანდარტებს.

ჩვენ კოლეჯის დირექტორ, მათე ტაკიძეს ვესაუბრეთ აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე და მან სწორედ საქართველოს სამომავლო სტრატეგიისა და ამ კურსის სიახლოვეზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ თუ დღეს, შესაძლოა შრომის ბაზარი არ ითხოვდეს ამდენ შრომის ინსპექტორს, მათი საჭიროება აუცილებლად დადგება, მას შემდეგ, რაც რეგულაციები უფრო მკაცრი გახდება ბიზნესისათვის. ბაზარზე არსებულ კომპანიებს აუცილებლად დასჭირდებათ კერძო შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებსაც თავად საწარმოები დაიქირავებენ შიდა მონიტორინგისთვის. ჩვენ ასევე, შევხვდით შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კურსის პედაგოგებს და დავესწარით პრაქტიკულ სამუშაოს კოლეჯში არსებულ ლაბორატორიებში.

აღსანიშნავია, რომ თავად კოლეჯი, კერძოდ, კი მისი დირექტორი აქტიურად ატარებს შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობაზე, სადაც მათ აცნობს პროფესიული კოლეჯების მნიშვნელობასა და პროფ. განათლებაზე ინფორმაციას.

ფაქტია, რომ დღეს საქართველოში არსებული სახელმწიფო კოლეჯები ახერხებენ სწავლისა და ხარისხის და დასაქმების თვალსაზრისით უმაღლესს სასწავლებლებს გაუსწრონ, შესაბამისად, აუცილებელია მოვიაზროთ ისინი, როგორც მომავალში კვალიფიციური კადრების მომამზადებლად და საქართველოს განვითარებაში მონაწილე აქტორებად.

0