განათლება & დასაქმება

“სოლდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი”, აანალიზებს რა  ახალგაზრდების  მზაობის აუცილებლობას შრომით ბაზარზე საკუთარი ცოდნისა თუ უნარ-ჩვევების რეალიზაციისთვის, მათ სთავაზობს სამუშაო შეხვედრებსა და ლექციებს. სტუდენტებთან შეხვედრები იმართება როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე პროფესიულ და საზოგადოებრივ კოლეჯებში.  შეხვედრების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, შრომით ბაზარზე წარმატებული საქმინობის განხორციელებაში. რაც, თავისთავად, გულისმობს მათ ინფორმირებას ფუნდამენტურ შრომით საკითხებთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრები პროფესიულ კოლეჯებში: “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” საქმიანობამ გამოკვეთა, რომ მომსახურების სფეროში დასაქმებულ ახალგაზრდებს ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ უმაღლეს განათლებაზე, თუმცა ბევრ მათგანს სურს, დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიას. ამასთანავე, გამოვლინდა ისიც, რომ საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ.

სწორედ ამიტომ, “სოლიდარობის ქსელმა” შეისწავლა საქართველოში არსებული პროფესიული განათლების დუალური მოდელი, პროფესიული განათლების 2013-20 წლების სტრატეგია და ის პროფესიული პროგრამები, რომლებსაც ახორციელებენ სახელმწიფო საზოგადოებრივი და პროფესიული კოლეჯები.

შესწავლის პროცესმა ცხადყო, რომ კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეუძლია ხარისხიანი პროფესიული საგანმანათლებლო სივრცის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში, პროფესიული სწავლება სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, როგორც პოტენციური მშრომელები, პროფესიულ სწავლებასთან ერთად ვერ იღებენ ისეთ ცოდნას, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში.

შესაბამისად, “სოლიდარობის ქსელმა” დაიწყო თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო ყველა საზოგადოებრივ და პროფესიულ კოლეჯთან. პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობის ფარგლებში ფორმდება მემორანდუმები, რაც გულისხმობს შესაბამის კოლეჯებში სამუშაო შეხვედრების ჩატარების ინტენსიურ ხასიათს. სამუშაო შეხვედრები სტუდენტებს, რომლებიც მომავალში გახდებიან დასაქმებულები, შესაძლებლობას აძლევს შეექმნათ გარკვეული წარმოდგენა შრომის კოდექსსა და კანონის პრაქტიკულ გამოყენებაზე. ასევე, მათ საშუალება აქვთ გაეცნონ კოლექტიური ბრძოლის სხვადასხვა ხერხებს. სამუშაო შეხვედრები პროფესიულ კოლეჯებში, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მოიცავს როგორც პრეზენტაციას, ასევე, სიმულაციურ თამაშებს, რაც ზრდის სტუდენტების ჩართულობას და ამარტივებს ინფორმაციის მიღება – გააზრებას.